თეგი: ახალგორი
ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მოსახლეობისთვის 2019 წელს ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები იხსნება
„სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭომ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. გამარტივებული პროცედურა ახალგორისა და ჯავის რეგიონის მოსახლეობას შეეხება და ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით გადაადგილებას შეძლებს. რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის 31 ნოემბრამდე მოსახლეობას გადაადგილება „ვადაგასული საშვებითაც“ შეეძლება. დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, ხსენებული საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, რაიონული ადმინისტრაციებისა და დეპუტატის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილეს. დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა „რაზდახანის“ (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.