თეგი: ბაღდადი
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბაღდადში, შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საპროტესტო აქციის მონაწილეები შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს, რაც წინ უძღვის შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას, რომლის დროსაც, შვედური მედიის ცნობით, ყურანის დაწვა იგეგმება. ერაყელი შიიტების გავლენიანი ლიდერის, მუყტადა სადრის მოწოდების შემდეგ, ბაღდადში, შვედეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. სააგენტო AFP-ს კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე პოლიციელების მობილიზების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილმა საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა მოახერხა. სტოქჰოლმის განცხადებით, საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დიპლომატიური მისიების დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო. ასევე განაცხადეს, რომ მთავრობამ შესაბამის სამსახურებს დაავალა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2023 წლის ივნისში, სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე და მანამდე, სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან, ექსტრემისტების აქციაზე ყურანი დაწვეს. თურქეთს ამ დრომდე არ დაუსრულებია NATO-ში შვედეთის მისაღებად საჭირო პროცედურა, თუმცა აცხადებს, რომ გაწევრიანების რატიფიცირებას შემოდგომისთვის გეგმავს.