თეგი: ბენგალური ენა

"ვეფხისტყაოსანი" ბანგლადეშში ბენგალურ ენაზე გამოიცა

ბანგლადეშში პირველად გამოიცა შუა საუკუნეების პერიოდის დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე ნათარგმნი წიგნი. პოემის თარგმანი ეკუთვნის  ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი, ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით შესრულებული ილუსტრაციები მოამზადა ბატონმა მაჰმუდ ჰასანმა. "საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ფასდაუდებელი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ამ დიდი პოემის ბენგალურ ენაზე თარგმნა და გამოცემა. როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში. წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული, რიად მაჰმუდი წარუდგენენ „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ მისცემს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას. საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი), გამოხატავს მადლიერებას ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსულის, რიად მაჰმუდის მიმართ მის მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის ქართული ლიტერატურის შედევრის წარმატებულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში", - აღნიშნულია ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.