თეგი: ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი: 127 კოვიდკლინიკა შემოწმდა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში გამოვლინდა

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკა შეამოწმა, საიდანაც დარღვევა 90 დაწესებულებაში დადგინდა. ფერაძის თქმით, დაწესებულებებს მიეცათ გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. „2020-2021 წლებში შრომის ინსპექციამ მოახდინა კოვიდკლინიკების შემოწმება იმ სახელფასო გასაცემებთან დაკავშირებით, რომელსაც სახელმწიფო კოვიდკლინიკებს აძლევდა მედპერსონალისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის საათობრივი ანაზღაურებისთვის. 127 კლინიკიდან, 37 გარდა, სხვა კლინიკებში დარღვევები გამოვლინდა. ჩვენ გავეცით გაფრთხილება და გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ეს გულისხმობდა მითითებას, რომ მომხდარიყო ანაზღაურება იმ სახელფასო დავალიანების, რომელიც ექიმების მიმართ არსებობდა“, – განაცხადა ფერაძემ.  

თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს - ბექა ფერაძე

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. „სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საფრთხე განსხვავებულია. სამშენებლო სექტორში, შესაძლებელია, საფრთხე უფრო მაღალი იყოს, თუმცა მომსახურების სფეროში, შედარებით, ნაკლები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების სექტორში საფრთხე საერთოდ არ არსებობს. მომსახურების სექტორში ინციდენტები საკმაოდ გაზრდილია. სხვადასხვა სექტორში დარღვევებთან დაკავშირებული რიცხობრივი რაოდენობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, შევთანხმდეთ, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ობიექტების ინსპექტირება. მაგალითად, სამშენებლო სექტორში არანაკლებ ათი დღის განმავლობაში უნდა ფასდებოდეს რისკები. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ინსპექტირების პერიოდი ოთხიდან ექვს თვემდეა განსაზღვრული. ხაზს ვუსვამ იმას, რომ თუ კონკრეტულ სექტორში დარღვევის რისკი მეტია, უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობა ამ მიმართულებით მეტი იქნება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.