თეგი: ბინები
უძრავ ქონებზე ფასები ერთ წელიწადში 10.7%-ით გაიზარდა. ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე და ვაკეში
2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას უძრავი ქონების ფასებზე საქსტატი ავრცელებს. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 17.5 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი). 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10.0 პროცენტით. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად უძრავი ქონება თბილისის 5 უბანში გაძვირდა. პირველ ადგილზე, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდით მთაწმინდის უბანია, მეორეა ვაკე, მესამე საბურთალო, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილებს ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებს შორის ნაწილდება.