თეგი: ბიჭვინთის აგარაკები
მედია: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას „ეხო კავკაზა“, ჟურნალისტ იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი,“ - წერს იზიდა ჭანია სოციალურ ქსელში. გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციური ძალებიც ადასტურებენ. „ჩვენ ხელთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გვაქვს, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, რომ თავისი პოზიცია გადაწყვიტოს, დაადასტუროს შეთანხმების დებულებების ან მის რატიფიკაციამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების ერთგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეულ კულუარულ მუშაობას შეეშვას და მითითებული ნოტა გამოაქვეყნოს. ასევე, საზოგადოების მხრიდან სრული ნდობის არარსებობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმება, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით, მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაეკისრება,“ - ნათქვამია ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. შეთანხმება სხვადასხვა ობიექტის, მიწის ნაკვეთისა და შენობის მესამე პირებისთვის გადაცემას კრძალავს. საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის “გადაცემის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას
სუს-ი: ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.“ ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი. უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა. „ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ ურთიერთობას“ დააზიანებდა,“ - წერია ანგარიშში. ანგარიშში, ასევე, საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტზეც, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს დასამტკიცებლად 2023 წელს წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს. „კანონპროექტი“ ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან ხსენებულით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა. ამ კონტექსტში ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მოსკოვი მუდმივად სთხოვდა ოკუპირებული აფხაზეთს შეეცვალა „რეგულაცია“, რომელიც კრძალავდა „უცხო ქვეყნის მოქალაქის“ მიერ უძრავი ქონების შეძენას,“ - წერია ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანექსიისკენ კიდევ ერთ მიმართულ ნაბიჯად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში, რუსული უნივერსიტეტების მიერ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას აფასებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების „განყოფილება“ გაიხსნა, რომლის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორია. „რუსული ენის შემსწავლელი კურსებითა და ისტორიულ დოკუმენტებზე მუშოაბით, რუსეთის საოკუპაციო ძალა მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთთან მაქსიმალურად გაუცხოების და ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონების მოსახლეობის ქართული სოციოლოგიურ-კულტურული სივრცისგან მოწყვეტას,“ - წერია ანგარიშში.