თეგი: ბრეგოვიჩი
მოლდოვის შს მინისტრმა განმარტა, რატომ არ შეუშვეს ქვეყანაში გორან ბრეგოვიჩი
მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადრიან ეფროსმა ორშაბათს განმარტა, თუ რატომ არ შეუშვეს მესაზღვრეებმა სერბი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ჟურნალისტების საპასუხოდ, ეფროსმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასაწყისში, ბრეგოვიჩმა „აჩვენა თავისი პრორუსული შეხედულებები და მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას.“ „იყო სხვა მიზეზები, რომლებიც გააანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებმა, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, აეკრძალათ მოლდოვაში მისი შემოსვლა“, - განაცხადა მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა, რომ ბრეგოვიჩს მოლდოვაში შესვლა 2022 წლიდან აეკრძალა და ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორები „წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი.“ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ხელისუფლებას განმარტებისთვის მიმართა. მათი თქმით, აკრძალვა „არ შეესაბამება სერბეთსა და მოლდოვას შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს" და ამ გადაწყვეტილებამ „სერბეთის საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.“ ცნობისთვის, 2015 წელს ბრეგოვიჩს უარი უთხრეს პოლონეთში ფესტივალში მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ მან ამავე წელს კონცერტი გამართა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.