თეგი: ბრუკლინი
ნიუ-იორკში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში სამშენებლო ობიექტის გვერდით მდებარე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. ბრუკლინში, სამსართულიანი შენობის ნანგრევებთან 250-ზე მეტი მაშველი და გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომელი მივიდა. მაშველებმა ნანგრევებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანის, მათ შორის ერთი ორსული ქალის, გამოყვანა შეძლეს. ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის უფროსის ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, 1930 წელს აშენებული შენობის ჩამონგრევის მიზეზს გამოძიება დაადგენს. ამერიკული მედიის ცნობით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. მაშველებმა სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენეს სამძებრო ძაღლები, დრონები, ნაჯახები და ხერხები. ვარაუდობენ, რომ სამუშაო პროცესი რამდენიმე დღეს გასტანს. BBC-ის ამერიკული პარტნიორის, CBS-ის ცნობით, ქალაქის ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრუკლინში მდებარე ეს შენობა 1930 წელს არის აგებული. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის (FDNY) ხელმძღვანელის განცხადებით, ინციდენტის მომენტში, მიმდებარედ, სადაც ახალი შენობის აგების გეგმა უკვე დამტკიცებული იყო, აქტიური სამუშაო მიმდინარეობდა.