თეგი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: ყოველდღიურად ვახორციელებთ სასმელი წყლის შემოწმებას
ყოველდღიურად ვახორციელებთ სასმელი წყლის შემოწმებას, კონტროლს, მისი ხარისხი აკმაყოფილებს ნორმებს და მომხმარებლებისთვის ვარგისიანია, - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიის დაფარვის არეალში არსებული სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველდღიურად ახორციელებენ სასმელი წყლის შემოწმებას. მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ხარისხი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს აკმაყოფილებს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება
გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. ძლიერი სტიქია გურჯაანში (ვიდეო) მათივე ცნობით, გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქ გურჯაანში მდინარეების – ნავთისხევისა და ახტალისხევის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქის ნაწილი დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა, გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა. კომპანიის ხელმძღვანელობა სტიქიის შემდეგ ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მდგომარეობასაც. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის სერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული. სტიქიის შედეგად გურჯაანის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.