თეგი: გამგეობების საქმიანობის ანგარიში
კახა კალაძე: არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე გახლავართ ყველას მერი
არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე გახლავართ ყველას მერი და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მოსახლეობას გამგეობების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ „გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები“. „ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული ჩვენი თბილისელების წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ სადმე რამე გამორჩენა არ იყოს, სადმე რამე არ დავაკლოთ. თუ გამგეობებს აქვთ გარკვეული პრობლემები, არსებობს მუნიციპალური, საქალაქო სამსახურები და მზად ვართ, ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ, დაგეხმაროთ იმისთვის, რომ რამე პრობლემები არ იყოს. ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ დაპირება და ღირსეულად ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს “, - განაცხადა კალაძემ.