თეგი: განათლების რეფორმა

პრემიერი: განათლების სისტემაში იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს, რაღაც ახლებური ხედვა ემსახურებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება, ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა წარმოადგინეს, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე.“ მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ეროვნული იდენტობა. დღეს პატივი გვაქვს, რომ წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ ესახება მთავრობას და სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარება. ბატონმა გიორგიმ დანიშვნისთანავე ძალიან აქტიურად დაიწყო მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დაამუშავა, წარმოადგინა თავისი ხედვა, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, სხვა სიმაღლეზე განათლების ყველა საფეხური და თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, გამოწვევები კვლავაც რჩება სისტემაში, ვინაიდან, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. „500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700, 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი.“ „მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლების ზოგადად, უფრო მეტი ავტონომიურობა, როგორ უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და გარკვეული უფლებების დელეგირება.  რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ასევე, გვაქვს ხედვა, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველა ის საქმე, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებით, ეს იყოს კარგად გააზრებული და რაც მთავარია, შედეგი მოიტანოს ყველა იმ ცვლილებამ, რომელსაც ვახორციელებთ. ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება, ძალიან ინტენსიურად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.