თეგი: განათლების საერთაშორისო ცენტრი

ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა. „ჩვენ მანამდეც არაერთხელ ვართ შენახვედრი და გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ღია დისკუსია ნებისმიერ თემაზე. მიხარია, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. მე ვხედავ ზვიად ბარქაიას, რომელიც არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინდა ზვიადზე ვთქვა, რომ ზვიადი შემთხვევით გავიცანი, ზვიადი იყო ამ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც შემთხვევით შეარჩია კომისიამ, როგორც ხდება და არა მხოლოდ, ნიკას ვხედავ და კიდევ ნიკოს, ძალიან ბევრ ადამიანს, ნინოს ვხედავ, ძალიან ბევრ ადამიანს გიცნობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ჩვენს მიერ დაწყებული ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი, მიმდინარე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ერთად რომ შევაჯამოთ განვლილი 8 წელი, მგონი საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 8 წლის განმავლობაში 1200 მდე წარმატებული სტუდენტი დაფინანსდა, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პრემიერის განცხადებით, პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყნის გასაძლიერებლად მიემართება. „შედეგები, ვფიქრობ, არის შთამბეჭდავი ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200 მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული გვქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტები მთელს მსოფლიოში და მე მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს იგივე უმაღლესი განათლების სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და ხედვები, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი იყო ეს 8 წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოვოთ, მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. მთავარი იდეა რაშიც მდგომარეობს, არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი. მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შევქმნათ ქვეყანაში და რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომელზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ, დახურულ ფორმატში. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ, ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება მინდა გისურვოთ. თქვენი ცოდნა ჩვენი სიძლიერეა. აი ეს კაპიტალი, რაც იქმნება, ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.