თეგი: გარეგინ II
სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადვოკატის თქმით, კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება და, შესაბამისად, ის ავსტრიაში დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებას ვერ დაესწრება. არა ზოჰრაბიანმა განმარტა, რომ კათოლიკოსს ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში. ეკლესიის ექვს მაღალი რანგის სასულიერო პირს მსგავსი ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენეს. ადვოკატის თქმით, „ეს არის ეკლესიის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა.“ 15 იანვარს საროიანმა სარჩელი შეიტანა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გამოძიების ფარგლებში მოგზაურობა აუკრძალეს ექვს ეპისკოპოსს, სასულიერო საბჭოს წევრებს, რომლებსაც ავსტრიაში 16-19 თებერვალს დაგეგმილ ეპისკოპოსთა კრებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. 13 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კრების სომხეთის ფარგლებს გარეთ ჩატარების გადაწყვეტილება კათოლიკოსატის სომხეთიდან „გამოდევნას“ ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გამოსახულების ამოშლას და ა.შ. თავის მხრივ, ფაშინიანის მთავრობა კათალიკოსს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს.
გარეგინ II: ილია II-ის მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი წინამძღოლობის დასტური
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. „არმენპრესის“ ცნობით, დედასაყდარ წმინდა ეჩმიაძინის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ნათქვამია: „უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური. მისი მწყემსმთავრობა აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით, საეკლესიო ცხოვრების განმტკიცებითა და გააქტიურებით. რთულ პერიოდში ნეტარხსენებული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით უძღოდა თავის მორწმუნე სამწყსოს და ურყევად ინარჩუნებდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას. ყოვლისშემძლე უფლის ნუგეშს ვთხოვ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და მგლოვიარე მეგობარ ქართველ ხალხს. ვლოცულობთ, რომ უწმინდესის ხსოვნა მარად ცოცხალი დარჩეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და შთაგონების წყაროდ იქცეს მომავალი თაობებისთვის.“