თეგი: გეგმიური სწავლება
22-ე ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული გეგმიური სწავლება გამართა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. ასეულის დონის ერთკვირიანი სწავლება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად და მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit 2023-სა და საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) წვრთნასა და შეფასებაში მონაწილეობისთვის წინამოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. „წვრთნებში ჩართული იყო ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება „ჯაველინი“ , ასევე ამერიკული წარმოების მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი M2A1 და ავტომატური ყუმბარმტყორცნი MK-19. ქვედანაყოფს მხარდაჭერას საარტილერიო დანადგარის გარდა, საქართველოში წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ და ტაქტიკური მართვის პულტი (WOLF) უწევდა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიური სისტემებით არის აღჭურვილი და ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლს ამარტივებს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.