თეგი: გენერალური ასამბლეა

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ფსევდორეფერენდუმებს არ აქვს იურიდიული ძალა და არ წარმოადგენს ამ უკრაინის რეგიონების სტატუსის შეცვლის საფუძველს. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი.  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიის მცდელობას გმობს. რეზოლუციას გაეროს 193 წევრიდან, მხარი 143-მა დაუჭირა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს გაეროს გენერალური ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გააუქმოს 2022 წლის 21 თებერვლისა და 29 სექტემბრის გადაწყვეტილებები ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით და „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ“ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.