თეგი: გენერიკული მედიკამენტები
ჯანდაცვის მინისტრი: აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ვერ მიუთითებენ კონკრეტულ ბრენდს
მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, გამჭვირვალე ბაზარი და სამართლიანი ფასების დაწესება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყებას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. „პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.