თეგი: გიგი გიგიაძე
სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. გიგიაძემ სახალხო დამცველს 2021 წლის 1-ელ ნოემბერს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო, დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 201-ე მუხლითა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ განიხილოს განმცხადებელთან მისი კვალიფიკაციის ტოლფასი პოზიციის/პოზიციების შეთავაზება. აგრეთვე, მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. „როგორც აღინიშნა, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, თავისთავად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გიგი გიგიაძე სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული იქნა ვადის გასვლის გამო, არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა გამამართლებელი საფუძველი, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს გააქარწყლებდა. მეტიც, მოპასუხემ ლეგიტიმური მიზანი ვერ წარმოადგინა, თუ რატომ არ გაუგრძელა განმცხადებელს მივლინების ვადა. მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და დროის პერიოდი სახალხო დამცველს არ აძლევს სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ გიგი გიგიაძისთვის სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და რეზერვში ყოფნის პერიოდში, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, კონკრეტული ვაკანსიის შეუთავაზებლობა განპირობებული იყო მისი მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს საჯაროდ გამოხატული მოსაზრების გამო. ამდენად, განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი, ასევე 13 თვის განმავლობაში კონკრეტულ ვაკანსიაზე მისი კანდიდატურის განუხილველობა დროში ემთხვევა მის საჯაროდ გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამაჯარებელი/სარწმუნო და დისკრიმინაციული მოპყრობის გამაქარწყლებელი ინფორმაციის წარმოუდგენლობა კიდევ უფრო ამყარებს აღნიშნულ ეჭვს და რეალურად, ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის გაქარწყლებას. ამდენად, საქმის მასალების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლისთვის მივლინების ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე მისთვის 2021 წლის 1-ელი მარტიდან მისი კანდიდატურის კონკრეტულ ვაკანსიაზე განუხილველობა მის მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენს". - წერია სახალხო დამცველის დასკვნაში. გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. მან ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი Facebook-ზე ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია". ელჩის ამ შეფასებას მმართველი გუნდისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა მოჰყვა.