თეგი: გივი აბდუშელიშვილი
გივი აბდუშელიშვილი: მინდა, შევქმნა ისეთი რამ, რაც ადამიანებისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის, ჩემს ქვეყანას გამოადგება და ჩემზე დიდხანს დარჩება
ამერიკული გამოცემა ,,New York Gazette'' თავის რუბრიკაში – „წარმატებული ახალგაზრდები“, შვეიცარიის ცნობილი უნივერსიტეტის – ,,Glion Institute of Higher Education'' - ის წარჩინებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა ინტრაპრენერს გივი აბდუშელიშვილს ვრცელ ინტერვიუს უძღვნის. გამოცემა მკითხველს აცნობს წარჩინებულ სტუდენტს, ინტრაპრენერსა და ლიდერული თვისებებით გამორჩეულ ახალგაზრდას, რომელიც სულ ახლახან უნივერსიტეტის ფინანსურ მმართველად აირჩიეს. გივი აბდუშელიშვილი ინტერვიუში საკუთარ ეროვნებაზეც საუბრობს და სიამაყით უსვამს ხაზს მის ქართველობას. ის ასევე საუბრობს ოჯახზე, რომლითაც ამაყობს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა მის გამოცდილებაზე მრავალ ენაზე საუბარმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებამ და სწავლამ, გივი აბდუშელიშვილი პასუხობს: „ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ოჯახმა. ჩემი ბაბუა და ბიძა სხვადასხვა დროს დიპლომატიურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, მათ შორის საქართველოს ელჩების რანგში, მამა კი ბიზნესსექტორში საქმიანობს და მისი ბიზნესიც მულტინაციონალურია. ბავშვობიდან ვხედავდი, რას ნიშნავს საერთაშორისო გარემოში ურთიერთობა, პასუხისმგებლობა, სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კომუნიკაცია და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა. ამავდროულად, ყოველთვის მინდოდა, საკუთარი გზა მქონოდა და ეს გამოცდილება ჩემს ინტერესებსა და მიზნებთან დამეკავშირებინა. სხვადასხვა დროს მომიწია ცხოვრება ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში, ამერიკაში, საქართველოში და ახლა შვეიცარიაში. ამ მრავალფეროვანმა გარემომ, ალბათ, ყველაზე მეტად ადამიანებისა და განსხვავებული კულტურების უკეთ გაგების უნარი შემძინა. სხვადასხვა გარემოში ცხოვრება გასწავლის ადაპტაციას, კომუნიკაციას და განსხვავებულ ადამიანებთან საერთო ენის პოვნას. ადგილი კი, სადაც მინდა, დავბრუნდე და ჩემი ცოდნა მოვახმარო, ჩემი სამშობლო საქართველოა.“ Europetime.eu სრულად გთავაზობთ ჩვენს თანამემამულესთან საინტერესო ინტერვიუს ქართულ თარგმანს. გზა შორეული საქართველოდან ამერიკასა და შვეიცარიამდე რუბრიკის „წარმატების ისტორიები - თაობა, რომელიც ქმნის მომავალს“ სტუმარია გივი აბდუშელიშვილი. გივი შვეიცარიის ცნობილი უნივერსიტეტის, Glion Institute of Higher Education-ის წარჩინებული სტუდენტი და ახალგაზრდა ინტერპრენერია. ის წარმოშობით საქართველოდანაა. სწავლობდა ამერიკაში, ამჟამად კი შვეიცარიაში, Glion Institute of Higher Education-ში, პრემიუმისა და ლუქსის ინდუსტრიის მენეჯმენტს სწავლობს და, პარალელურად, საქართველოში უკვე მოქმედ ბიზნესს ავითარებს. _გივი, დავიწყოთ შვეიცარიით. როგორია თქვენი სტუდენტური ცხოვრება Glion-ში და როგორი გარემო დაგხვდათ უნივერსიტეტში? Glion-ში ძალიან საინტერესო და მულტინაციონალური გარემოა. ბევრი თვალსაზრისით მომწონს ეს უნივერსიტეტი, პროფესორები, ლექტორები, სწავლების მეთოდი და, რა თქმა უნდა, სტუდენტები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული. აქ ყოველდღიურად განსხვავებული კულტურისა და გამოცდილების ადამიანებთან ურთიერთობა თავად სწავლის ნაწილია. ვფიქრობ, ეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მომწონს ისიც, რომ განათლება პრაქტიკასთან არის დაკავშირებული და სტუდენტის არამხოლოდ აკადემიურ, არამედ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზეც არის ორიენტირებული. _სულ ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი როლი დაგაკისრა უნივერსიტეტმა. აგირჩიეს უნივერსიტეტის მმართველობაში და ფინანსური მიმართულება ჩაგაბარეს ანუ Treasurer-ის პოზიცია დაგაკისრეს. რას ნიშნავს თქვენთვის ეს არჩევანი? პირველ რიგში, ნდობას და პასუხისმგებლობას. Treasurer-ის პოზიციაზე უნივერსიტეტის მასშტაბით სტუდენტური კომიტეტების ფინანსურ საკითხებს ვკურირებ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ უნივერსიტეტმა ნდობა გამომიცხადა, მაგრამ ჩემთვის ეს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, ნებისმიერი პოზიციის მნიშვნელობა სწორედ იმ ნდობასა და პასუხისმგებლობაშია, რომელსაც ის გაკისრებს. ეს გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ მაძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის ის პრინციპები, რასაც უნივერსიტეტში ვსწავლობ, პრაქტიკაში გამოვიყენო. _პრემიუმისა და ლუქსის ინდუსტრიის მენეჯმენტს სწავლობთ. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება? მაინტერესებს, როგორ იქმნება მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება, როგორ იმართება გუნდი და როგორ იქცევა მომხმარებლის გამოცდილება ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად. ლუქსის ინდუსტრია ჩემთვის მხოლოდ ძვირადღირებულ პროდუქტს არ ნიშნავს. აქ მნიშვნელოვანია ხარისხი, დეტალები, მომსახურება, ბრენდის კულტურა და ის გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობ. _სწავლის პარალელურად სასტუმროშიც მუშაობთ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პრაქტიკული გამოცდილება? მენეჯმენტის სწავლა მხოლოდ აუდიტორიაში შეუძლებელია. თუ მომავალში ამ სფეროში მენეჯერი უნდა იყო, თავად უნდა იცოდე, როგორ მუშაობს სისტემა რეალურ გარემოში, როგორია პასუხისმგებლობა და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ყოველდღიურ სიტუაციებში. სასტუმროში მუშაობა სწორედ ამ გამოცდილებას მაძლევს, ვხედავ პროცესებს პრაქტიკაში, ვურთიერთობ ადამიანებთან და ვსწავლობ, როგორ მუშაობს მომსახურების ინდუსტრია რეალურ გარემოში. _მიუხედავად თქვენი ახალგაზრდა ასაკისა, საქართველოში უკვე გაქვთ მოქმედი ბიზნესი,კომპანია „მარტივი“. მოგვიყევით, როგორ გაჩნდა მისი იდეა. „მარტივის“ იდეა ტექნოლოგიების, ინოვაციისა და გარემოზე ზრუნვის ერთმანეთთან დაკავშირებას ეფუძნება. ეს არის ელექტრომობილების დამტენების ქსელი საქართველოში. გვინდოდა, შეგვექმნა სერვისი, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებდა, დაუზოგავდა დროსა და ფინანსებს და, ამავდროულად, ხელს შეუწყობდა უფრო ეკოლოგიური გარემოს შექმნას. დღეს „მარტივი“ ელექტრომობილების დამტენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ თავდაპირველი იდეა რეალურ და მუდმივად მზარდ ბიზნესად იქცა. _რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესი, მხოლოდ კომერციულ წარმატებას თუ უფრო დიდ იდეას? ჩემთვის ბიზნესი, პირველ რიგში, იდეის რეალობად ქცევაა. თუ რაღაცას ქმნი და ის ადამიანებისთვის რეალურ ღირებულებას აჩენს, მაშინ ბიზნესის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. კომერციული წარმატება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის არ არის ერთადერთი საზომი. მნიშვნელოვანია, რას ქმნი, რა პრობლემას აგვარებ და რა გავლენას ახდენ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. _თქვენ ბევრ ენაზე საუბრობთ და სხვადასხვა ქვეყანაში გიცხოვრიათ. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ? რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩემი ბაბუა და ბიძა სხვადასხვა დროს დიპლომატიურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, მათ შორის საქართველოს ელჩების რანგში, მამა კი ბიზნესსექტორში საქმიანობს და მისი ბიზნესიც მულტინაციონალურია. ბავშვობიდან ვხედავდი, რას ნიშნავს საერთაშორისო გარემოში ურთიერთობა, პასუხისმგებლობა, სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კომუნიკაცია და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა. ამავდროულად, ყოველთვის მინდოდა, საკუთარი გზა მქონოდა და ეს გამოცდილება ჩემს ინტერესებსა და მიზნებთან დამეკავშირებინა. სხვადასხვა დროს მომიწია ცხოვრება ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში, ამერიკაში, საქართველოში და ახლა შვეიცარიაში. ამ მრავალფეროვანმა გარემომ, ალბათ, ყველაზე მეტად ადამიანებისა და განსხვავებული კულტურების უკეთ გაგების უნარი შემძინა. სხვადასხვა გარემოში ცხოვრება გასწავლის ადაპტაციას, კომუნიკაციას და განსხვავებულ ადამიანებთან საერთო ენის პოვნას. _ჩვენთან საუბარში რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ ძალიან გიყვართ თქვენი სამშობლო - საქართველო. თავსებადია კოსმოპოლიტური ხედვა საკუთარ ქართულ იდენტობასთან? ჩემთვის ეს ორი რამ საერთოდ არ არის წინააღმდეგობაში. შეგიძლია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრო, ბევრი კულტურა გაიცნო და, ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ იცოდე, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. პირიქით, სხვა კულტურების გაცნობა საკუთარ იდენტობას კიდევ უფრო კარგად გაჩვენებს. რაც უფრო მეტ განსხვავებულ გარემოს იცნობ, მით უკეთ აცნობიერებ იმასაც, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რასთან გაქვს ყველაზე ძლიერი კავშირი. _როგორც აღნიშნეთ,შვეიცარია თქვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. რას ისურვებდით, რომ ამ გამოცდილებიდან მომავალში საქართველოში ჩაიტანოთ? და კიდევ,გრძელვადიანი გეგმები შვეიცარიას უკავშირდება თუ საქართველოს? შვეიცარიიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, განათლების სისტემითა და მენეჯმენტის კულტურით დაწყებული, ბიზნესგარემოთი და მომსახურების მაღალი სტანდარტებით დამთავრებული. ჩემთვის საინტერესო სწორედ ის არის, როგორ შეიძლება, ეს გამოცდილება საქართველოს რეალობას მოერგოს და კონკრეტულ, რეალურ შედეგში გადაიზარდოს. არ ვფიქრობ, რომ ერთი ქვეყნის მოდელი პირდაპირ შეიძლება, მეორეში გადაიტანო. მნიშვნელოვანია, გაიგო პრინციპი, რომელიც მუშაობს, და შემდეგ ის საკუთარ გარემოს მოარგო. შვეიცარიაში მიღებულ გამოცდილებას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მინდა, ეს ცოდნა და გამოცდილება მომავალში ჩემს ქვეყანასაც მოვახმარო. ჩემთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების მიღება, თუმცა საბოლოოდ მინდა, ეს გამოცდილება მხოლოდ პირად განვითარებად არ დარჩეს და რაღაც ფორმით საქართველოში დაბრუნდეს იქნება ეს ბიზნესი, ახალი პროექტები თუ სხვა შესაძლებლობები. _ და ბოლოს, გივი, რა არის ის მთავარი, რისი შექმნაც გსურთ მომავალში? მინდა, შევქმნა ისეთი რამ, რაც ადამიანებისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის და, ამავდროულად, ჩემს ქვეყანასაც გამოადგება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც გავაკეთებ, მხოლოდ იდეად არ დარჩეს. მინდა, იდეა რეალურ საქმედ, რეალურ ბიზნესად ან პროექტად იქცეს და შედეგი ჰქონდეს. ალბათ, სწორედ ეს არის ის, რასაც მომავალში ყველაზე მეტად ვისურვებდი შევქმნა რაღაც მნიშვნელოვანი, რომელიც ჩემზე დიდხანს დარჩება.