თეგი: გიორგი ბილანიშვილი
ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი: სამხედრო კონტინგენტში არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან, რომ ამ ორ დიდ ქალაქში ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს
საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ უკრაინის ომი და ომის შედეგები პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს მომავალთან და მის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. როგორ აისახება დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე, სამხედრო რესურსებსა და საოკუპაციო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რა გავლენა იქონია დასავლეთის სანქციებმა რუსეთზე, პუტინის რეჟიმზე და როლს უნდა იკავებდეს საქართველო მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში? ამ საკითხებზე Europetime „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა. _ბატონო გიორგი, რუსეთი მიზანმიმართულად ქმნიდა „უძლეველობის მითს", ამ მითის საფუძველი იყო შიში, სასტიკი და დაუნდობელი რუსეთის სახე და ის, რომ მასთან ომი და დაპირისპირება საფრთხილო უნდა ყოფილიყო. საიდან გაჩნდა რუსეთის უძლველობის მითი და თქვენი შეფასებით, დაიმსხვრა თუ არა ეს მითი უკრაინის ომში? უძლეველობის მითი, რუსეთს ისტორიულად მოსდევს. ეს ახალი ინოვაცია არ არის, რომ რუსეთი ძალაზე დამყარებული ძლიერი სახელმწიფოა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული და მერე, საბჭოთა კავშირის დროსაც, ეს იყო მათი მთავარი ასპექტი, რაც პუტინის რეჟიმმა რეალობაში ძალიან კარგად გადმოიტანა, მათ შორის პროპაგანდის და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ძალიან აქტიურად, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და მის სამეზობლოში, არამედ, დასავლეთშიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნა. თვითონ პუტინმაც ძლიერი ლიდერის იმიჯი დაიმკვიდრა და დასავლეთში ითლება, რომ ის არის საინფორმაციო ტექნოლოგიების ძალიან კარგი სპეციალისტი. რისკის ზღვარზე თამაშობს და ძალიან ბევრ რამეზეა წამსვლელი. ასეთი იმიჯი აქვს პუტინს და ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფოსაც. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, ამ პროპაგანდაზე აქტიურად მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო. როცა პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მასმედია, საექსპერტო საზოგადოება და პროპაგანდისტები კი არ იგულისხმებიან, არამედ - რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, თვითონ პუტინის ჩათვლით. ისე იქცევიან და საუბრობენ, რომ ეს მითი ნამდვილად შექმნეს, თუმცა მითს ვერ შექმნი, თუ რაღაც ობიექტური გარემოებები არ გაქვს, მაგალითად, რაც გააკეთეს 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ, და დასავლეთმა როგორც უპასუხა - პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთთან. პლუს, დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა, პუტინის გადასახედიდან, დასავლეთი არათუ არ ეწინააღმდეგებოდა, რასაც აკეთებდა საქართველოსთან მიმართებით, არამედ, რაღაცნაირად იზიარებდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. რეალურად, საქართველოსთან რაც გააკეთა, ეს ხომ მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ იყო, ისევე როგორც რასაც ახლა უკრაინაში სჩადის, მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის. ეს იყო განაცხადი, რომ ეს ქვეყნები, მისი ექსკლუზიური გავლენის სფეროში შედიოდნენ. მითი, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო ყოფილა, (თუ არ ჩავთვლით ბირთვულ შეიარაღებას) რეალურად, საერთოდ აღარ არსებობს, რადგან სერიოზული მარცხი განიცადა. გეგმა, რომელიც უკრაინასთან მიმართებით, საწყის ეტაპზე ჰქონდა, პრაქტიკულად, საერთოდ არ არსებობს და ამას რუსული მხარეც აღიარებს. რაღაც სხვა გეგმის განხორციელებაზე არიან გადასული. საინფორმაციო თვალსაზრისს რაც შეეხება, ეს საინფორმაციო პროპაგანდა სამწუხაროდ, რუსეთის შიგნით ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინის რეიტინგი ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. უცხოეთში - ძირითადად ვეღარ მუშაობს, მაგრამ იქაც დარჩათ გარკვეული საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე მათი სასარგებლო გზავნილებით გამოდიან, თუმცა ასეთების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. _ეს მითი ხომ იმასაც გულისხმობდა, რომ რუსეთი სასტიკია, კრემლი ამ მითს კი არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, ამას ნერგავდა კიდეც.მანამდეც ათასი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, დასავლეთის უპრეცედენტო კონსოლიდირებას, ეს მანამდე არ ყოფილა. რა იყო ის, რამაც დასავლეთი დღეს მიიყვანა ასეთ უპრეცედენტო კონსოლიდაციამდე? ჩემი აზრით, ორი ფაქტორია. პირველი - დასავლეთი მაინც თვლიდა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები რაღაც ტიპის ჩარჩოებში ჯდებოდა. ხომ წარმოუდგენელია ეს, მაგრამ ასე იყო. ახლა იმ ტიპის, იმ მასშტაბის და იმ ფორმის აგრესიაზე წავიდა, ამის რაიმე ფორმით გამართლება და ჩარჩოებში მოქცევა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ეს აგრესია იმ ტიპის აღარ არის, რომელიც მხოლოდ რუსეთის სამეზობლოში დარჩება. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოვლად გაუგებარი და გაუგონარი მეთოდებით იბრძვის უკრაინაში, მაგრამ დღეს ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ახლა მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის და დასავლეთია მისი მთავარი სამიზნე. მეორე - როგორ იმუშავეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, რომ რუსეთისგან სამხედრო აგრესიის დაწყების საფრთხე ყველას მკაფიოდ დაენახა. ეს იყო როგორც პოლიტიკური და საინფორმაციო, ისე დიპლომატიური სამუშაო. კონსოლიდაციაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ომის დაწყების შემდეგ კი არ მოხდა, არამედ, ომის დაწყებამდე. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რათა ეჩვენებინა, რას აპირებდა რუსეთის ხელისუფლება. მათ შორის რუსეთისთვისაც ეჩვენებინა, რომ დასავლეთში ძალიან მაღალი კონსოლიდაცია არსებობდა და ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვებოდა მის ქმედებებს. სამწუხაროდ, რუსეთის შესაჩერებლად ეს საკმარისი ფაქტორი არ აღმოჩნდა. _2021 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე მოლდოვაში გაზის კრიზისის წინაპირობა შეიქმნა, ამ მოვლენებმაც ხომ არ იქონია გავლენა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ასეთ აქტიურ პოზიციაზე? მაშინვე გაკეთდა განცხადებები, რომ სწრაფი ზომები მიეღოთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად. ბოლო თვეებში, უკრაინის ომამდე მოასწრეს თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა თადარიგის დაჭერა და ამ ბოლო თვეებმა რა შეცვალა ევროკავშირის პოზიციებში? სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები გაზის კრიზისი მხოლოდ რუსეთის გამო არ წარმოქმნილა, იყო სხვა ფაქტორებიც, მაგრამ რუსეთი შეეცადა ამ გაზის კრიზისის გამოყენებას საკუთარი ძალების სადემონსტრაციოდ. იგივე, ბელორუსი-პოლონეთის საზღვარზე, მიგრანტების ნაკადი ხელოვნურად გაიზარდა. იმ პერიოდში, რუსეთს ძალის დემონსტრირების უფრო მკაფიო მცდელობა ჰქონდა, ვიდრე მანამდე. უნდოდა, ეჩვენებინა, რომ ის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დასავლეთს, თუ დასავლეთი არ მიიღებს იმ ულტიმატუმს, რომელსაც უყენებდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებისთვის, ეს საფრთხე რეალური იყო და კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. მათ მიიღეს პრევენციული ზომები და ვნახეთ, რომ რუსული გაზის მოხმარებაზე უარი განაცხადეს. მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით თუ ავიღებთ, ევროპის ქვეყნებმა, როგორც ხდება ხოლმე, მაინცდამაინც, დიდი ყურადღება არ მიაქციეს. ზოგადად, გაზის მიწოდება ითვლება ორმხრივ დამოკიდებულებად, ასეთი ლოგიკით მოქმედებდნენ ევროპის ქვეყნებიც, რაც ძალიან ლოგიკურია. მიმწოდებელიც დაინტერესებულია, რომ არ შეწყვიტოს გაზის მიწოდება, იმიტომ, რომ იქედან ძალიან სერიოზულ შემოსავალს იღებს და ნავთობისგან განსხვავებით, მყისიერად სხვა ბაზარზე ვერ გადაამისამართებს. ამ ლოგიკიდან მოქმედებდნენ, მაგრამ ეს ლოგიკა არ იყო რუსეთის ლოგიკა. რუსეთის ლოგიკა არის ის, რომ ამას ინსტრუმენტად იყენებდა და ახლაც ცდილობს, მაგრამ ესეც აღარ გამოდის ისე, როგორც თვითონ უნდა. მართალია, რჩება რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, თუმცა ამ დამოკიდებულების გამო, მის მიმართ პოზიციას საბედნიეროდ, არ არბილებენ. _რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, პუტინის პოლიტიკას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა რამდენად სანდოა ამ გამოკითხვის შედეგები,ან რამდენად გულწრფელები შეიძლება იყვნენ რესპონდენტები? რეალურად, შესაძლებელია, რომ პროტესტის სულ სხვა შიდა დინებები მიდიოდეს, რომელიც ჯერ საჯაროდ არ გამოსულა? რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. სეპარატისტული ნაღმების გააქტიურების ნიშნებიც ხომ არ არსებობს? რაც შეეხება სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რუსეთში ორი ძირითადი ორგანიზაცია მოქმედებს. ეს არის „ვციომ“ და „ლევადა ცენტრი“. „ლევადა ცენტრი" არის, ასე ვთქვათ თავისუფალი, დამოუკიდებელი. მისი მონაცემები ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე „ვციომის“, მაგრამ ახლა, ორივე დაახლოებით ერთიდაიგივე მაჩვენებელს აჩვენებს. ეს მაჩვენებელი სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად სანდოა. რაც იყო იმის მანიშნებელი, რომ რუსეთის საზოგადოების განწყობა მთლად ასეთი შეიძლება არ იყოს, გახლდათ ომის წინ არსებული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებიც აჩვენებდა, რომ რუსეთის მოსახლეობა ომს მხარს არ უჭერს და ეშინია ომის. უკრაინაზე ყირიმისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ყირიმის ანექსიას რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერდა მხარს და პუტინს მაშინ ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა თავისი მმართველობის პერიოდში. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს სოციოლოგიური გამოკითხვები შეიძლება, მთლად სანდო არ იყოს. მეორე ფაქტორი, არის ის შიში, რომელიც აშკარად არსებობს რუსეთის საზოგადოებაში. რაც შეეხებათ რეგიონებს, რომლის სუვერენიტეტის პრობლემაც რუსეთს აშკარად ჰქონდა 90-იან წლებში, ეს პრობლემა მეტწილად მოაგვარა. ამ ეტაპზე არ ველოდები, რომ რომელიმე რეგიონი აქტიურად შეეცდება, რუსეთის სივრციდან გავიდეს, ან რაიმე ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომელიც დამატებით პრობლემას შეუქმნის რუსეთის ხელისუფლებას. თუკი ასე მოხდება, გამიხარდება, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რადგან ის სისტემა, რომელიც ამ რეგიონების კონტროლის თვალსაზრისით პუტინმა ჩამოაყალიბა, არის ძალიან მყარი. რისი მოლოდინიც შეიძლება, გვქონდეს, ეს არის პროტესტი სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. ამას ირიბად ადასტურებს ის, რომ სამხედრო კონტინგენტში ერიდებიან ან საერთოდ არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან რომ ამ ორ დიდ ქალაქში, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ ცენტრად მიიჩნევა, დაღუპული ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს. ეს არის ერთი ირიბი სუსტი ინდიკატორი. თუმცა, ამის მოლოდინიც ნაკლებად მაქვს. ცოტა უფრო მეტად რისი მოლოდინიც შეიძლება მქონდეს, შესაძლოა, თვითონ რეჟიმის შიგნით მოხდეს რაღაც. _სანქციების წნეხის ქვეშ მოყოლილი რუსი ოლიგარქებისგან თუ შეიძლება ველოდოთ რაიმე უკმაყოფილების და პროტესტის ტალღას და თუ მოახდენს ეს გავლენას რეჟიმზე? -ოლიგარქებს რა თქმა უნდა, ამის ფინანსური რესურსები შეიძლება, გააჩნიათ, მაგრამ ისევე როგორც რეგიონებთან მიმართებით, ოლიგარქებთან დაკავშირებით, ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ პუტინის რეჟიმმა მოახერხა და ყველა ოლიგარქი ვინც რუსეთშია დარჩენილი, თავის ინსტრუმენტად, მათ შორის საგარეო და შიდა პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია და ძალიან მყარი კონტროლი აქვს ამაზე. მეორე, ამ ოლიგარქებში ძალიან ბევრია პუტინის უახლესი გარემოცვის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს დიდი თანხები ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ იშოვეს. კარგად იციან, რომ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მათთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ, მე ვთვლი, ფინანსური ინსტრუმენტი საკმარისი არ არის. ჯერ ერთი, პუტინის ხელისუფლებას მათზე მაღალი დონის კონტროლი აქვს, მეორეც, ოლიგარქები რეალურ ინსტრუმენტებს არიან მოკლებული, მით უმეტეს, რომ საზოგადოებაც დათრგუნულია, შეშინებულია და ვერ აპროტესტებს, შეიძლება, აქვს რაღაც საპროტესტო განწყობა, მაგრამ ვერ აპროტესტებს, თუმცა ვხედავთ საწინააღმდეგოსაც, მხარს უჭერენ პუტინს. _საინტერესოა, ამ მოცემულობაში როგორია ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია რუსეთთან მიმართებით? რუსეთი ახლანდელ მდგომარეობაში კი არა, ომის დაწყებამდეც კი არ იყო მზად, ჩინეთთან კონფრონტაციაში შესულიყო. ცენტრალურ აზიაში ჩინეთი ეკონომიკურად ძალიან მყარად არის წარმოდგენილი. რუსეთი ცენტრალურ აზიასაც თავისი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს და არ სურს, მასზე მყარი პოზიციები, თუნდაც ეკონომიკურ სფეროში ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ ის ამას ეგუებოდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რუსეთზე მითების თემას თუ გავაგრძელებთ, იყო მითი, რომ ცენტრალურ აზიაზე რუსეთის გავლენის კომპეტენცია უსაფრთხოებაა. თქვენ რაც ახსენეთ, უზბეკეთზე, ის ტრადიციულად, ცოტა განსხვავებული ქვეყანაა და ყოველთვის ცოტა უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმასაც ეხება, რაზეც ვსაუბრობთ. დანარჩენ ქვეყნებს უფრო მეტად ეხებათ. ითვლებოდა, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოების საკითხები რუსეთის პრეროგატივაა, ეკონომიკა კი - ჩინეთის. ესეც მითი იყო... ფაქტია, რუსეთს რომ უნდოდეს ამ ქვეყნების იძულება ჩინეთის სახითაც და თურქეთის სახითაც, მათ დიდი დასაყრდენი გააჩნიათ და ასე ადვილად ამ ქვეყნების რამეზე დაყოლიებას ვერ მოახერხებს, მით უმეტეს, ახლა როცა რუსეთი სერიოზულ წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში, მათი დაყოლიება ასე მარტივი არ არის. ჩინეთის და თურქეთის ფაქტორის გარდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთიც. დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს, ამ ყველა ქვეყანასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. ეუბნება, რომ რუსეთის არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერა, არამედ სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაც კი, მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცენტრალურ აზიასთან, არამედ ბელორუსის და სომხეთის პოზიციასთან მიმართებითაც, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მთავარ მოკავშირეებად ითვლებიან. _ფაქტია, რომ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ, ამ ფონზე, როგორ გამოიყურება საქართველოს პოზიცია? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საქართველოს საკითხი არის ყველაზე რთული შეკითხვა. რთული არა იმიტომ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველო დეკლარირებულად დასავლეთის მოკავშირედ რჩება, მაგრამ სამწუხაროდ, დეკლარირებულად, რადგან სხვა მხრივ, შეიძლება, ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდა, არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, არამედ შესაძლოა, დასავლეთშიც კი. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - საზოგადოების უმეტესობის პოზიცია და უკრაინის მიმართ მისი განწყობები ეჭვს არ იწვევს, სრულიად ცხადია. ჩემი აზრით, პრეზიდენტმაც მისი უფლებამოსილების ფარგლებში ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა. ჩვენმა წარმომადგენლობებმა საერთაშორისო მისიებში სწორი პოზიცია დაიჭირეს. ერთადერთი სწორი პოზიციაა, რომელიც საქართველოს უნდა დაეჭირა. მე კი მესმის ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამაზე აპელირებენ, მაგრამ საერთოდ ვერ წარმომიდგენია, საერთოდ სხვა პოზიცია გვქონოდა ან ამაზე ვაკეთებდეთ აქცენტს - "ჩვენ რომ ახლა ეს გავაკეთეთ". არ შეიძლებოდა, სხვა პოზიცია გვქონოდა, წარმოუდგენელია! რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, მათი განცხადებები უკრაინასთან მიმართებით, ხილულად რაც ჩანს, შეიძლება, რაღაცები სხვანაირად ხდება დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებსაც მე ვერ ვხედავ და კარგია, თუ ეს ხდება. მაგრამ ხილულად რაც ჩანს, მათი განცხადებები და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არათუ გასაკრიტიკებელია, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. _როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი სერიოზულ მარცხს განიცდის უკრაინასთან ომში, რაც პირველ რიგში გმირი უკრაინელი ხალხის და ამავდროულად, დასავლეთის წნეხითაც არის განპირობებული. თქვენი მონაცემებით, რა გავლენა იქონია სანქციებმა რუსეთის სამხედრო რესურსებზე და როგორ აისახება ეს რუსეთის გრძელვადიან საოკუპაციო პოლიტიკაზე? ეს სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს, საკითხის ასე დასმა ყველაზე სწორი მიდგომაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო და მანამდეც, ჩვენ გვესმოდა ასეთი პოზიციები, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდანაც (რაც გამართლებულია), რომ „სანქციების ადრე დაწესების შემთხვევაში, შეიძლება, ეს გაუგონარი სამხედრო აგრესია აგვეცილებინა“. მაგრამ შეიძლება, პირიქით, ვერ აეცილებინათ და დასავლეთის ამ ინსტრუმენტის წინასწარ გამოყენება მომხდარიყო. შესაძლოა, რუსეთს მოეხერხებინა, ამ სანქციების წინააღმდეგ გადაწყობა და უფრო თამამი ყოფილიყო. ამიტომ, სანქციებზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას უკვე აქვს ეფექტი. წარმოუდგენელია, დასავლეთის სანქციებს ეფექტი არ ჰქონდეს, რადგან რუსეთის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ზომებია დაწესებული. სანქციები კიდევ იზრდება და უფრო მეტად გაიზრდება იმ გაუგონარი დანაშაულის გამო, რასაც უკრაინაში სჩადის. რა თქმა უნდა, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი, რაც წარმოუდგენელია, ვინმეს უხაროდეს. უბრალოდ, ფაქტობრივ გარემოებაზე ვსაუბრობთ, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მძიმედ დააწვება რუსეთს, თუმცა დღეს ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის, ეს სანქციები რეალურ შედეგებს როდის მოიტანს; როდის შეცვლის საზოგადოების განწყობას რუსეთის შიგნით. აქ მხოლოდ ის არ არის, რომ ეკონომიკური პრობლემები გაუჩნდება, შეცვლის საზოგადოების განწყობასაც და თუ კი შესაძლებელია მათი თვალის ახელა, აუხელს თვალს. მე არ მგონია, ისინი მყისიერად ელოდებოდნენ ამ შედეგებს. წარმოუდგენელია, მყისიერად ელოდებოდე სანქციების შედეგს ისეთი რეჟიმის პირობებში, როგორიც პუტინის რეჟიმია, რომელიც მართავს საზოგადოებრივ აზრს და მარწუხებში ჰყავს მოქცეული საკუთარი საზოგადოება. არ მგონია, რომ დასავლეთი ასეთი გულუბრყვილო იყოს. რა თქმა უნდა, სანქციები და კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც აღმოჩნდა უკრაინის და უკრაინული საზოგადოების მზაობა, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია ამ გაუგონარი სამხედრო აგრესიისთვის. მთავარი აღმოჩნდა ის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც არამხოლოდ ახლა ხდება აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საბედნიეროდ, უფრო ადრე დაიწყეს ამაზე ზრუნვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ რუსეთს რომ სამხედრო წარმატებისთვის მიეღწია, მერე მხოლოდ იმ გრძელვადიანი სანქციების იმედად დარჩენა მოგვიწევდა. _ომის დასრულების შემდეგ როგორი იქნება უკრიანა და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? უკრაინის როლი იქნება ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე ყოფილა. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნება, მაგრამ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. ის რაც ხდება უკრაინაში, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რუსეთი არ აპირებს და არ აუღია სამხედრო აგრესიაზე ხელი. ის კიდევ ცდილობს ძალების მობილიზებას და სამხედრო აგრესიის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სამხედრო წარმატებები აქვთ, მაგრამ ამ სამხედრო წარმატების გაძლიერებაზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული, ამიტომ, უნდა ვიყოთ იმედიანად და უკრაინის შემდგომ წარმატებებს უნდა დაველოდოთ. მერე უკვე თამამად კი არა, თავდაჯერებულად ვისაუბრებთ უკრაინაზე, როგორც ძალიან გავლენიანი რეგიონული სახელმწიფოს როლზე. _ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა ანაკლიას ეხება. დღეს რომ ღრმაწყლოვანი პორტი გვქონოდა, ეს გვამყოფებდა თუ არა სრულიად სხვა მოცემულობაში, იმ უპრეცედენტო სანქციების გათვალისწინებითაც, რომელიც რუსეთს დაუწესდა, მათ შორის პორტებზე. იქნებოდა თუ არა ეს შესაძლებლობა ქვეყნისთვის, სერიოზული სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეესრულებინა? რა თქმა უნდა, შავ ზღვაზე არის ორი ღრმაწყლოვანი პორტი. ერთი არის რუსეთში, მეორე არის თურქეთში. რუსეთში რა ღრმაწყლოვანი პორტიც არ უნდა იყოს, ის ამ პირობებში დასრულებულია. ჩვენ ვიქნებოდით მესამე. ფოთი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ვერასდროს იქცევა ღრმაწყლოვან პორტად. როცა ანაკლიის პორტის ჩავარდნაზეა საუბარი, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ იმ კონსორციუმმა, რომელსაც ეს ვალდებულება ჰქონდა აღებული, პირობები ვერ შეასრულა. დავუშვათ, ხელისუფლებას ვენდობით... როდის გაჩერდა ანაკლიის პროექტი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და ახალი ტენდერიც კი არ გამოცხადებულა.