თეგი: გიორგი ზურაბაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი ზურაბაშვილი ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ზურაბაშვილი 2019 - 2024 წლებში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ხოლო 2014 - 2019 წლებში ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2013 - 2014 წლებში ზურაბაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 2012 – 2013 წლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი "საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; 2005 – 2012 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი; 2002 - 2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1996 – 2002 წლებში კი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. გიორგი ზურაბაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეების თანამდებობებზე მუშაობას განაგრძობენ: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე. შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჯანჯალია აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, მან თანამდებობა დატოვა.