თეგი: გიორგი შავერზაშვილი
კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს
კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსერვატორიის Facebook გვერდზეა განთავსებული. „30 ოქტომბერს კონსერვატორიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა. მონაწილეობდა ორი კანდიდატი: ასოცირებული პროფესორი მაია (მაკა) ვირსალაძე და პროფესორი გიორგი შავერზაშვილი. კანდიდატებმა წარადგინეს სამოქმედო გეგმები და პროგრამები. ხმას აძლევდა აკადემიური საბჭოს ექვსი წევრი ფარული კენჭისყრით. ხმათა უმრავლესობით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი შავერზაშვილი. ამ პოზიციაზე არჩეული კანდიდატი იმუშავებს მაქსიმუმ ექვსი თვე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენისას შავერზაშვილმა 13-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის მიზანია, კანონით განსაზღვრულ ვადაში შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ წარმატებით ჩაატაროს რექტორის არჩევნები. გიორგი შავერზაშვილი კონსერვატორიის საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრია. კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე ნანა შარიქაძეს უფლებამოსილება ამოეწურა. 20 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა, რომ „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი”. მისივე შეფასებით, „კონსერვატორია დღეს ვერ ახერხებს სტუდენტებს მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლება მიაწოდოს”. „თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო, განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს,” - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება არჩევნების პროცედურის შეწყვეტას, სამინისტრო კულტურის აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა 27 სექტემბერს სახელმწიფო კონსერვატორიასთან აქცია გამართეს.