თეგი: გოლფი
Forbes: გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი ისტორიაში მესამე მილიარდერი სპორტსმენი გახდა
46 წლის ამერიკელი გოლფის მოთამაშე, მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ტაიგერ ვუდსი მილიარდერი გახდა. 10 ივნისს ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა განაცხადა, რომ მისი ქონება მინიმუმ მილიარდ დოლარს შეადგენს. ამერიკელი კალათბურთელების ლებრონ ჯეიმსის და მაიკლ ჯორდანის შემდეგ ვუდსი გახდა მესამე სპორტსმენი ისტორიაში, რომლის ქონება მინიმუმ მილიარდი დოლარია. Forbes-ი წერს, რომ ტაიგერ ვუდსმა 27-წლიან კარიერაში $1,7 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა, მაგრამ მისი შემოსავლის მხოლოდ 10% შეადგენს გოლფის მოგებიდან მიღებულ კაპიტალს. მან ქონების ძირითადი ნაწილი ათზე მეტ ბრენდთან კონტრაქტების შედეგად დააგროვა. მათ შორისაა - Gatorade, Monster Energy, TaylorMade, Rolex და Nike. ვუდსი Nike- თან 1996 წლიდან თანამშრომლობს. ეს ბრენდი გოლფის ყველაზე დიდი სპონსორია. ვუდსი ასევე ფლობს გოლფის ბიზნესს. ზედიზედ ათი წლის განმავლობაში, 2003 წლიდან 2012 წლამდე, ტაიგერ ვუდსი ლიდერობდა Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში. ვუდსს 2021 წელს არ უასპარეზია, მაგრამ გამოცემის ცნობით, 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.