თეგი: დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

საქართველოს პრეზიდენტი: მჯერა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხები იქნება ჩვენი პოლარიზებული საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს. „ჩვენი საზოგადოებისათვის ეს დღე სამუდამოდ დაუკავშირდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. უნივერსიტეტის დაარსების იდეის ირგვლივ გაერთიანდა მაშინდელი ქართული საზოგადოება მიუხედავად მრავალფეროვანი პოლიტიკური და პარტიული შემადგენლობისა. მეცნიერების, ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების განვითარება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების ფუნდამენტია, რომლის ირგვლივ, მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება დღესაც ერთიანია. მჯერა, რომ სწორედ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხები იქნება ჩვენი პოლარიზებული საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი ეროვნული თანხმობის პროცესში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორატს ქართული საზოგადოების სახელით ვულოცავ უნივერსიტეტის დაარსების დღეს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.