თეგი: დავით გოგიჩაიშვილი
„ჩემი მთავარი გაკვირვება რა არის იცით? ეს ხომ უკვე იყო“ – დავით გოგიჩაიშვილი „უცხოური აგენტების კანონზე“
„საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის ერთადერთობა, ჩემი აზრით, ყველანაირი პოლიტიკის მიღმაა. ამიტომ გამოვხატავ ახლა ჩემს აზრს – არა რუსულ კანონს,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი, ბიზნესკონსულტანტი და მარკეტერი. რატომ უკეტავს ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის კარს? „ყველა წარმომადგენელი ამას გვეუბნება. კანონის მუხლებში არაკომპეტენტური ვიქნები, მაგის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ იმის ექსპერტად კი გამოვდგები, მესმოდეს საერთო კონტექსტი. ევროკავშირის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ამერიკა გვეუბნება, ჩვენი დასავლელი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება აფერხებს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი „ნეტგაზეთთან“. 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია რუსული კანონპროექტი და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. „რა მოუტანა ამ კანონმა რუსეთს, რა დღეში ჩააგდო ამას ხომ ვხედავთ და რაც მთავარია, იმასაც ხომ ვხედავთ, რომ ეს ერთხელ უკვე იყო. ჩემი მთავარი გაკვირვება რა არის იცით? ეს ხომ უკვე იყო. ეს კანონი ხომ იყო ინიციირებული. ამან გამოიწვია პროტესტი და ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში მარტის აქციებზე. მერე, ამ კანონის ინიციატორებმა თქვეს – ოკ, ბოდიში, უკან მიგვაქვს ეს კანონი და ჩვენს გეგმებში არ შედის ამ კანონის თავიდან ინიციირება, დამთავრდა ეს ინიციატივა ამით. ახლა არ ვიცი რა შეიცვალა. ეს არის მთავარი გამოცანა,“ – ამბობს დავით გოგიჩაიშვილი. კითხვას, რა იქნება მისი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის გზავნილი სხვა მოქალაქეებისა და მთავრობისადმი, გოგიჩაიშვილი პასუხობს: „ჩემი გზავნილი დღეს იქნება იგივე, რაც იყო შარშან, მარტის აქციების დროს – გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს საქართველოს ევროპაში. შესაბამისად არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ჩვენთვის იქნება ხელის შემშლელი. არამხოლოდ რუსული კანონი იგულისხმება აქ, არამედ საერთოდ ყველაფერი. იმიტომ, რომ ევროპისკენ… ევროპაში დაბრუნებაში, ევროკავშირში გაწევრიანებაში რაც ხელს შეგვიშლის, იმას არაფერს არ გაუმარჯოს. საქართველო ევროპისკენ მივდივართ. ამაზე ყველა ვთანხმდებით.“ როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია