თეგი: დავით დარჩიაშვილი

საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ. „ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით. საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო, როგორც საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას. საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

დარჩიაშვილმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხი ავსტრიელ კოლეგასთან განიხილა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თავის ავსტრიელ კოლეგას, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას, რომელიც როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვენაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რითაც ევროპულმა საბჭომ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ილია დარჩიაშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა და პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხდა. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. ალექსანდრ შალენბერგმა, ავსტრიის მთავრობის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და მისი სრულად ათვისების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.