თეგი: დანაღმული ფართობი

ცნობილია, რა ფართობის ტერიტორიაა უკრაინაში დანაღმული

უკრაინაში დანაღმულია ტერიტორიის 250 000 კვადრატული კილომეტრი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. „ახლა ეს არის ყველაზე დიდი დანაღმული ველი მსოფლიოში", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-თან ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი იმედოვნებს სამხრეთ კორეის დახმარებასა და გამოცდილებას ამხელა ტერიტორიის განაღმვაში. დენის შმიგალის თქმით, დანაღმული ტერიტორია არა მხოლოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ხალხის გადაადგილებისთვის, არამედ სერიოზულ პრობლემებს უქმნის სოფლის მეურნეობას, უკრაინის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ სექტორს. 250 ათასი კვ. კმ - ეს არის მთელი უკრაინის ფართობის თითქმის ნახევარი, ეს არის ტერიტორია უფრო დიდი ვიდრე კორეის ნახევარკუნძულის ფართობი (221 ათასი კვ.კმ). მანამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ნაღმებით პოტენციურად დაბინძურებული ტერიტორია 300 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. გასულ ზაფხულს უკრაინის მევენახეთა ასოციაციაში 133 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიის დანაღმვის შესახებ საუბრობდნენ. მაშინ, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ყველაზე მეტად დანაღმული იყო კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები ახლა ძირითადად დანაღმულია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დენის მონასტირსკიმ გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდას 5-7 და შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს.