თეგი: დევიდ პეტრეუსი

პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები ამტანობით მოუგებენ დასავლეთს, ჩვენი ვალია, დავუმტკიცოთ, რომ ცდება - გენერალი პეტრეუსი

„შემიძლია ვთქვა, რომ იმ ომებიდან, რომლებიც მინახავს და გამომივლია, ყველაზე მეტად ამ ომზე ითქმის, რომ ეს ის ომია, სადაც სიმართლე სიცრუეს ებრძვის, სადაც აშკარად ჩანს, ვინ მართალია და ვინ მტყუანი“, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი აცხადებს. ვლადიმირ პუტინს აშკარად ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები ამტანობით მოუგებენ დასავლეთს, მეტ ტანჯვას აიტანენ. ჩვენი ვალია, დავუმტკიცოთ, რომ ცდება. რუსებს ჩემთვის, როგორც მეთაურისთვის რომ მოეცა ჯარი რამდენიმე თვით, შეჭრისთვის გასაწვრთნელად, გაცილებით უკეთ გავაკეთებდი ამ საქმეს. „ვფიქრობ, მოლდოვა სერიოზულად მოწყვლადია. ამერიკა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები ამას აცნობიერებენ და ცდილობენ, დაეხმარონ მოლდოვას, რათა წინ აღუდგეს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს მთავრობას და დაამხოს იგი. რუსები არ დაკმაყოფილდებიან მხოლოდ დნესტრისპირეთით, ვფიქრობ, ისინი უფრო შორს წავლენ და ეცდებიან, მოლდოვა ერთგვარ ბელორუსად აქციონ, თუ გამოუვათ, მაგრამ არ მგონია, მოლდოვაში ბევრს უნდოდეს ეს. საქართველოში სხვა სიტუაციაა - რუსეთს რაც გააჩნდა, თითქმის ყველაფერი უკრაინაში გადაისროლა, მათი ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინასა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე, მოლდოვის ჩათვლით, რაც საქართველოს სუნთქვის სივრცეს აძლევს, მაგრამ ქართველებმა მაქსიმუმის მიღება უნდა შეძლონ ამ ვითარებიდან. ვიტყოდი, რომ საქართველოში რუსული გავლენის ის მძლავრი უარყოფა [7-8 მარტის საპროტესტო გამოსვლები ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ უცხოეთის აგენტების შესახებ - რ.თ.], რომელიც ახლახან ვიხილეთ, მოვლენათა ძალიან საინტერესო განვითარება იყო“, - განაცხადა პეტრეუსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რითაც უპასუხა შეკითხვას, რა დევს სასწორზე ამ ომში ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. აქვს თუ არა რუსეთს შანსი, რომ საქმე სათავისოდ მოატრიალოს, შეცდომებზე ისწავლოს, ადაპტირდეს? ამ შეკითხვის საპასუხოდ, პეტრეული ამბობს, რომ წესით, უნდა ჰქონოდათ, საკმარისი დრო ჰქონდათ ამისთვის, მაგრამ რუსეთი და რუსის ჯარი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გაკვეთილებს კარგად ითვისებს. „როდესაც მე მქონდა პატივი, მეხელმძღვანელა ჩვენი ძალებისათვის ერაყსა და ავღანეთში, ჩვენი მიზანი იყო, ვყოფილიყავით ორგანიზებული ისე, რომ გვესწავლა - ვაანალიზებდით ყველაფერს, ვითვისებდით ნასწავლ გაკვეთილებს და ამის მიხედვით ვცვლიდით მომავლის სამოქმედო გეგმებსა და ტაქტიკას. სწავლის კულტურას ვნერგავდით. NATO-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა ამ პრინციპით მუშაობს. რუსეთი, როგორც გამოჩნდა, ცალსახად ვერ ართმევს ამას თავს. საქმე მარტო ისიც არაა, რომ ვერ გაიაზრეს, რის დეფიციტი, რა პრობლემები ჰქონდა მათ ჯარს. გააზრება ერთია და მოგვარება მეორე - მაგალითად, ოფიცრების პროფესიული კორპუსის შექმნას წლები სჭირდება. ეს უზარმაზარი გადაწყვეტილებაა, რასაც სჭირდება წლების განმავლობაში წვრთნები, განათლება და გამოცდილება. ასე რომ, მიჭირს დავინახო სცენარი, სადაც რუსეთი სწავლობს და უკეთესი ხდება. სწავლის კულტურა არ აქვთ. სამაგიეროდ, მარტივი დასანახია სცენარი, რომელშიც უკრაინელები სწავლობენ, ვითარდებიან და კიდევ უკეთესები და უფრო კარგად მომზადებულები ხდებიან. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ უკრაინელები მოახერხებენ იმას, რაც რუსებმა ვერ მოახერხეს - კომბინირებულ საბრძოლო ოპერაციას. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ ვლადიმირ პუტინს აშკარად ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსები ამტანობით მოუგებენ დასავლეთს, მეტ ტანჯვას აიტანენ და, რომ დასავლეთი პირველი დაყრის ფარ-ხმალს. მას სჯერა იმის, რაც თქვენ ახსენეთ - რომ ისტორიულად, რუსები ცუდად იწყებენ, მაგრამ კარგად ამთავრებენ - თავიდან ნაცისტებმაც უკან დაახევინეს, ნაპოლეონის არმიამაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს. ამიტომ ფიქრობს, რომ რუსები უფრო მეტ ტანჯვას და სიძნელეს გაუძლებენ, ვიდრე უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები, ისევე როგორც წარსულში რუსებმა მეტს გაუძლეს, ვიდრე ნაპოლეონის არმიამ და ნაცისტებმა. ჩვენი ვალია, დავუმტკიცოთ, რომ ცდება".