თეგი: დევიდ ქუერი

შალვა პაპუაშვილმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ლონდონში იმყოფება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, დევიდ ქუერის შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. „პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის შესახებ, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება საქართველოს. ამ მხრივ, გავაცანით ხედვა იმის შესახებ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარება საქართველოს კუთხით და რომ ეს გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ და რომ მათ სრულად ესმით უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლონდონში კარგად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველოც.