თეგი: დევნილი ოჯახები

მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. „ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. თქვენ ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე ხედავთ უკვე მიმდინარე სამუშაოებს. აქ არის გამოყოფილი 7 ჰექტარი, სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება, 11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება, დაახლოებით, 2 წელიწადში. 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ ასე ამბობენ, შეიძლება იქამდეც დასრულდეს. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ამ მასშტაბური პროექტის გარდა, თბილისში რომელიც მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ზუგდიდში, ასევე, მასშტაბურ პროექტს, იქ არის 1400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და დაიწყება სამუშაოები ძალიან მალე, ქუთაისში არის დაწყებული ანალოგიურად, 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჯამურად დაიხარჯება თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ 2-3 წლის განმავლობაში“,- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. „ეს არის, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მასშტაბურია, უპრეცედენტოა. მანამდე იყო საერთოდ, ალბათ, ძალიან მცირე რაოდენობა ბინებისა, რომელიც გადაეცემოდა ჩვენს დევნილებს და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, ღირსეული პირობა შევუქმნათ აქ ადგილზე. ასევე, გეტყვით, რომ წელს უკვე გადაეცა 1000 ოჯახს საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდათ, ასე რომ მე ვფიქრობ, ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნება და მთავარი მიზანი უნდა იყოს დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება, მიზანი, უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ამიტომ ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანთან, ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.