თეგი: დელტა

ჯუანშერ ბურჭულაძე: „დელტას" ბაზაზე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ

„წლის ბოლომდე, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე ჩვენ უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, სადაც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა. „უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა საქართველოში NATO- ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი" მზადდება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით  ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო.  ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს  ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი. დავისახეთ 10-წლიანი  გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებსა და წვრთნების გაზრდილ დინამიკაზე.