თეგი: დემოგრაფია
“დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები“ - საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას. „საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას. სხდომაზე უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს. აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფი უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. ბრძანების ახალი რედაქცია 26 ოქტომბერს შევიდა ძალაში. ცვლილების მიხედვით, აბორტის გაკეთებამდე კონსულტაციის გავლა მეან-გინეკოლოგის გარდა სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან. ეს დათქმა 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ბრძანების მიხევდით, ეს სავალდებულო კონსულტაციები ე.წ. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის პერიოდში, “კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში” უნდა ჩატარდეს. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ექიმი ვალდებულია, აბორტის გაკეთების მსურველ პაციენტს კონსულტაცია გაუწიოს და 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა მისცეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაუშვან, თუ ამ 5 დღეში ქალის ორსულობის ვადა 12 კვირას, ანუ ლეგალური აბორტის დასაშვებ ვადას აჭარბებს. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი ვადა 5-დან 3 დღემდე მცირდება. კიდევ ერთი ცვლილება შეეხება 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ ჩასატარებელ აუცილებელ პროცედურებს. ახალი ბრძანების მიხევდით, თუ პაციენტმა მოსაფიქრებელი ვადის შემდეგ აბორტის პროცედურის ჩატარება გადაწყვიტა, აუცილებელი იქნება რადიოლოგიური კვლევის (ექოსკოპიის) ჩატარება. შედეგები, სურათთან ერთად, უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ახალი ბრძანების მიხევდით, ორსულობის სხვადასხვა ვადაზე მედიკამენტური აბორტი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაკეთდეს. უფრო კონკრეტულად, ორსულობის 7 კვირამდე მედიკამენტური აბორტის გაკეთება შესაძლებელი იქნება I დონის ანტენატალურ (რომელსაც აქვს სერვისი ორსულებისთვის) დაწესებულებაში სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე ექიმის მიერ. 10 კვირამდე მედიკამენტური აბორტი კი, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სტაციონარულ დაწესებულებაში, ან სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონემინიჭებულ ამბულატორიაში. შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეფერალის შესაძლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა. ცვლილებების თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთებისას სამედიცინო დაწესებულებამ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს. ცვლილებებია იმ სამედიცინო ჩვენებების ჩამონათალშიც, რომელთა საფუძველზე აბორტი დასაშვები იქნება 12 კვირის შემდეგაც.