თეგი: დემოგრაფიული ტენდენციები
უმოკლეს ვადაში მოამზადდება პაკეტი დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებულ საუკეთესო და რელევანტურ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს. „ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას, “- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ესწრებოდნენ.