თეგი: დეპრესია
83% ფიქრობს, რომ დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემააა - NDI
„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ისეთი მენტალური (ფსიქიკური) ჯანმრთელობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა, „პრობლემატურია“, 8%-ის აზრით „არ არის პრობლემატური“. 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86%-ს არ უფიქრია ფსიქოლოგისა ან ფსიქიატრისთვის მიმართვა, 12% -ს კი უფიქრია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმ 12 პროცენტიდან, ვისაც უფიქრია სპეციალისტისთვის მიემართა, ნახევარი ასეც მოიქცა. ხოლო მათ, ვინც არ მიმართეს, შემდეგი მიზეზები დაასახელეს: არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, ან არ ჰქონდათ ამის საჭიროება. ამასთან, კვლევის თანახმად, თითქმის, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ არ იცის ვის მიმართოს, თუკი მათ ან მათი ოჯახის წევრს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება დასჭირდებათ. უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უნდა ფარავდეს. კითხვაზე: „რამდენად მნიშვნელოვანია ან არ არის მნიშვნელოვანი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავდეს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისებს, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია?“ 90% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია. 3%-ისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.