თეგი: ედიტ ესტრელა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: საქართველო გზაჯვარედინზეა
„საქართველო გზაჯვარედინზეა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს (2023 წლის 27-29 მარტი) გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და კარგი პროგრესი მიიღწა. ამავდროულად, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში, აშკარად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ფერხდება“, - აღნიშნულია გაცხადებაში. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია, უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, შესაბამისმა თანამოსაუბრეებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარს არ აკეთებენ საქმის იურიდიულ ასპექტებზე, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული დავის გამო. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას და ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, შეთანხმდნენ უცხოელი ექიმების ხელმისაწვდომობაზე. „მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ და სანდო ინფორმაციას“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.