თეგი: ედიშერ ქარჩავა
პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა
საქართველოს საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყრდის შიოს შესაძლო მოწმავლის შესახებ ინფორმაცია მანაც მედიით შეიტყო. მოსაყდრესთან შეხვედრა ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა და მაშინ „არანაირი პრობლემა არ იყო“. "დადასტურებული ინფორმაცია მე არ გამაჩნია, მეც მედიიდან შევიტყვე, სხვა მსჯელობაში ვერ შემოვალ. დადასტურებული, მყარი, უტყუარი მტკიცებულება არ გამაჩნია. მეუფე იოანემ განმარტა, რომ იყო შეხვედრა ერთი კვირის წინ და მეც მაშინ შევხვდი და მაშინ არანაირი პრობლემა არ იყო" - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ედიშერ ქარჩავა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძრის იღუმენმა გაბრიელმაც. მისი ინფორმაციით, მეუფე შიოს ანალიზები საქართველოში ჩაუტარდა. "მე თვითონ, როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვაზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები," - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელმა. გუშინ, 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცნობა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრიაქრის მოსაყდრე შიო, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მოწამლეს. "მთავარი არხს", მათ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთმა თეოლოგმა მიაწოდა. ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა. პატრიარქის მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც. ტელეკომპანიის თანახმად, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო ერთი კვირის წინ“ „რუსთავი 2-ის“ თანახმად, მათ ხელთ არსებული „უტყუარი ინფორმაციით“ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. „ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ“, - ნათავქმი „რუსთავი 2“- ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება „ტელეკომპანია“ იმედის ინფორმაციას, მისი მიხედვით: „მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია იყოს და „ეკლესიაზე მორიგი“ შეტევის მცდელობა.“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უპასუხა, რომ „მეუფე შიოს შესახებ გავრცელებუი ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს“.