თეგი: ევროვიზია2022
უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია
„კალუშის“ ბენდი 631 ქულით „ევროვიზია 2022“-ის პირველ ადგილზე გავიდა. „გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“, - გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა ამ სიტყვებით მსოფლიოს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „კალუშის“ ბენდს გამარჯვებისთვის, ასევე, ყველას, ვინც კონკურსში ხმა უკრაინას მისცა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მომავალი წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უმასპინძლოს. „დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სიმღერის კონკურსში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, რაც 1998 წლის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო შედეგია. საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ - 6. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს, რასაც მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.