თეგი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს ოდილ რენო ბასოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე. მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე აგრძელებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. EBRD-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.
საქართველო EBRD-სგან 26 მილიონ ევროს მიიღებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. დღესვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს. სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას. პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.