თეგი: ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა
ნიკა მელია EPP-ს ყრილობაზე: ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა, ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს. ნიკა მელიამ ისაუბრა უკრაინაზე და განაცხადა, რომ უკრაინა არ არის პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი. მისი თქმით, ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ევროპის თანადგომა, რომ „დაამარცხოს სახელმწიფოს მიტაცება“. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, „უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი“. 2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში ცდილობდნენ, საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად. რა შეცდომაა! რა სიცრუეა! საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014-ის და 2022-ის წინ.რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას?რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე”, - განაცხადა ნიკა მელიამ. „საკუთარ თავზე შეყვარებულმა „გაზპრომის" ოლიგარქმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს. ზუსტად ერთი წლის წინ ციხეში ვიყავი. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი. დამნაშავე ვარ, რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს: პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად. საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახანს დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. თავის მხრივ, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა პარტიის ყრილობაზე, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი იყო მიწვეული, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაიკითხა. „ჩემი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ვპოულობ ძალას იმ მემკვიდრეობაზე ფიქრით, რომელიც დაგვიტოვა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ვილფრიდ მარტენსმა, რომელმაც პირველად მაშინ მიმასპინძლა EPP-ში, როდესაც რუსეთი უკვე ემუქრებოდა საქართველოს; ან ფიქრით თავისუფლებისთვის იმ ბრძოლაზე, რომელსაც უძღვება ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს. როგორც ჟან მონემ თქვა, მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე ვარ მტკიცე. თავისუფლება გაიმარჯვებს და გაკვალავს გზას დიდი ახალი ეპოქისკენ“, - აღნიშნულია წერილში.