თეგი: ევროს კურსი
რა გავლენა ექნება ევროს გაუფასურებას საქართველოს ბაზარზე
ევრო აშშ დოლართან მიმართებით, რამდენიმე თვეა, უფასურდება. საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე 7 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 0,966 ევრო ღირს. ბოლოს ევრო აშშ დოლართან მიმართებით ასე სუსტი 20 წლის წინ, 2002 წლის დეკემბერში იყო. რით აიხსნება დღეს ევროს ასეთი შესუსტება და როგორ აისახება ეს საქართველოს ბაზარზე. ამ საკითხზე Europetime ანალიტიკოსს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნიკა შენგელიას ესაუბრა. ET: რას უკავშირდება აშშ დოლართან ევროს ასეთი მკვეთრი გაუფასურება? უკრაინა-რუსეთის ომს გავლენა აქვს ევროკავშირის ეკონომიკაზე. როდესაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, სამწუხაროდ, ეს ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას. ET: როდესაც ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მაშინვე დაიწყეს რუსული გაზის და ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატივის ძებნა. გეთანხმებით, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები დიდწილად იყვნენ დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. დღეს ევროპაში ენერგომატარებლების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ყიდულობდნენ სასუქებს რუსეთისგან. ამ ორი ნედლეულის გაძვირების გამო, ევროკავშირის პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა. ბოლოს რაც გამოქვეყნდა, გერმანიის მაგალითს თუ განვიხილავთ, სამრეწველო ინდექსი იყო 45%, მანამდე კი 30%-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკამ სიმძლავრეების 45%-ს დაკარგა. თუ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის ეკონომიკაში განვითარებულ პროცესებს შევაფასებთ, ეს ომი ევროპას კიდევ უფრო დააზარალებს, რადგან სერიოზულ კომპანიებს წარმოება აშშ-ისა და აზიის ბაზრებზე გადააქვთ. ET: თქვენი შეფასებიდან გამომდინარე, ევროს გაუფასურების ძირითადი მიზეზი, ეკონომიკისა და წარმოების შემცირებაა. რამდენად ხანგრძლივია ეს პროცესი და როდემდე და რა ნიშნულამდე გაუფასურდება ევრო? გამომდინარე აქედან, ევროპის ეკონომიკაში გაზრდილი რისკების ფონზე, ევროს კურსი სუსტდება, არის მოლოდინი, რომ აშშ დოლართან მიმართებით ევროს კურსი 0,85 ევრო/ცენტამდე დაეცეს. ერთი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე, როცა გაკეთდა ტექნიკური ანალიზი დოლარზე, პარიტეტს ველოდებოდით. მოსალოდნელი იყო აშშ დოლარისა და ევროს კურსის გათანაბრება. გარკვეულწილად, ეს პროგნოზი გამართლდა, თუმცა ახლა უკვე არ არის იმის პროგნოზი, რომ ევრო უახლოეს მომავალში გამყარდება. ველოდებით ევროს გაუფასურებას. ტექნიკური ანალიზის მიხედვით, ევრო სავარაუდოდ, აშშ დოლართან მიმართებით 0,85 ევრო/ცენტამდე ჩამოვა. ევროს კურსი ამ ნიშნულზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუ ემისიის ან რამე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი. ET: რა უარყოფით გავლენას მოახდენს ევროს ვარდნა ევროკავშირის ბაზარზე? წარმოებები ჩერდება, ეკონომიკა მცირდება და იმპორტზე დამოკიდებულება იზრდება. ფაქტობრივად, ერთი რამ უნდა გააკეთონ, რომ ჩინეთიდან შემოსულ იაფ პროდუქციაზე გადასახადები აწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეკონომიკა კიდევ შემცირდება და არაკონკურენტუნარიანი იქნება. ევროპა ვერ ასცდება ინფლაციას და სულ მცირე ერთი წელი ვერ გაუმკლავდება. ის მაჩვენებელი, რომ ევროპაში ინფლაცია 10%-ია, ვფიქრობ, ძალიან შელამაზებული მაჩვენებელია, რათა მოსახლეობაში პანიკა არ გამოიწვიოს. ET: საქართველოზე როგორ აისახება ეს პროცესი? რა გავლენა ექნება ევროკავშირთან ექსპორტ-იმპორტსა და ფულად გზავნილებზე? შეიძლება, არის გარკვეული მსჯელობა, რომ ევრო გაიაფებულია და შესაძლოა, ქვეყანაში იაფი პროდუქტი შემოვიდეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. თვითონ პროდუქციის ფასი იზრდება და ის რომ, ევრო აშშ დოლართან მიმართებით უფასურდება, ეს დადებითად ვერ წაადგება ქართველ იმპორტიორს. ევროს გაუფასურება გავლენას მოახდენს ფულად გზავნილებზე, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეები კონვერტაციისას ნაკლებ ლარს მიიღებენ. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების დინამიკას, ვფიქრობ აქ შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ზრდის ტენდენცია ჯერ არ იკვეთება. ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილები ევროზონიდან საქართველოში იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ევროპაში უმუშევრობის დონე აიწევს.