თეგი: ევცროკავშირი
უკრაინის ვიცე-პრემიერი: სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა გაურკვევლობას ზრდის
"ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ფორმალური პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ნაბიჯი. სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. „ჩვენ განაცხადი მარტში წარვადგინეთ. ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ფორმალური პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ნაბიჯი ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ ითამაშოს დაპირებების თამაში. სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“, – განაცხადა ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ. ცნობისთვის, 9 ივნისს, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და ევროკავშირს მოუწოდეს, უკრაინას და მოლდოვას მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და იმუშაონ იმავე სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ სამიტზე, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.