თეგი: ელექტროკაბელი
ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის მნიშვნელოვანი პროექტები დაასახელა, რომლიც ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომელიც ფლაგმანურია ჩვენთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი. რომელიც მწვანე ენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში. ჰიდრო, მზის და სხვა მიმართულებით და საქართველო გახდება სუფთა ენერგიის ექსპორტიორი. მეორე პროექტია შავი ზღვის ინტერნეტკაბელი. რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც. ასევე საუბარი გვაქვს პორტების განვითარებასა და საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ. ეს მნიშვნელოვანია. ამას ექნება ახალი განზომილების მოცემის შესაძლებლობა“, - განაცხადა ვარჰეიმ. შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.