თეგი: ელჩი დეგნანი

ელჩი დეგნანი: ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია

„ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო“, - ამასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა. „ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თანახმად, მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. „გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა. ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს. ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.