თეგი: ემი დიაზი
საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას,” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ქორთნი ოსტრიანი კარიერული დიპლომატია. ის ამ დრომდე საქმიანობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში, სადაც დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამ მოვალეობის შესრულებამდე კი ევროკავშირისა და რეგიონულ საქმეთა ოფისის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ოსტრიანი მანამდე მუშაობდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ და დიდი ხნის განმავლობაში საქმეთა დროებით რწმუნებულად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისიაში. ასევე, ევროპისა და ევრაზიის (EUR) ბიუროს ფარგლებში, ქორთნი ოსტრიანის მისიები მოიცავდა გაერთიანებულ სამეფოს, საქართველოს, უკრაინასა და რუსეთს. ვაშინგტონში მუშაობისას, ქორთნი ოსტრიანი იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტს საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ბიუროში და ასევე მსახურობდა სახელმწიფო მდივნის აპარატში.