თეგი: ენდოპროთეზირება
თბილისში რეგისტრირებულებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება
დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება. „დედაქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხსენებული პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება. „თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და ფინანსური ტვირთი შევუმსუბუქოთ,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.