თეგი: ენერგია

დავით ნარმანია: იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია - ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება. "ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი გვაქვს ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი და არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი. ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიური წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს. იმ შემთხვევაში თუ გაფარდოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“, - განაცხადა ნარმანიამ.  

ევროკომისარი: ევროკავშირს შეუძლია, რუსეთიდან გაზის მიწოდება განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლოს

ევროკავშირს შეუძლია რუსეთისგან მიღებული გაზის დარჩენილი მოცულობები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ კვლავ ვიღებთ გარკვეულ გაზს რუსეთიდან, მაგრამ შეგვიძლია ის განახლებადი ენერგიით ჩავანაცვლოთ,” - თქვა კადრი სიმსონმა. მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გასული წლის 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების მოცულობა 80%-ით შემცირდა. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებმა შეძლეს რუსული გაზის ამოღებული მოცულობების ჩანაცვლება ელექტროენერგიის შეწყვეტის გარეშე.