თეგი: ერინ ბარკლი
ბლინკენის თანაშემწემ დარჩიაშვილთან შეხვედრისას, „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე ამბობს, რომ ასეთი კანონი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ერინ ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, მედიაა და რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ეძღვნება. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა. დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.