თეგი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა
დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10 %-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს ჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არა ერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.