თეგი: ეროვნული გმირი
თავდაცვის მინისტრმა დუშეთში, ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალზე მემორიალური დაფა განათავსა
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე, რომელსაც თავდაცვის უწყების ინიციატივით ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელი ეწოდა, შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. მემორიალური დაფა მწვერვალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პირადად განათავსა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ასევე კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. უსახელო მწვერვალს სამხედრო მფრინავის ზურაბ იარაჯულის სახელი თავდაცვის უწყების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე მიენიჭა. მწვერვალი ზურაბ იარაჯული მდებარეობს თიანეთის ქედზე (ქართლის ქედის ჩრდ.-აღმ. დაბოლოება, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით), მდინარეების ფშავის არაგვისა და ალაზნის წყალგამყოფზე, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ზღვის დონიდან 3254,0 მეტრ სიმაღლეზე, გეოგრაფიული კოორდინატები: x – 518493, y – 4693900. სამხედრო მფრინავი ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა
საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. დღეს ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა და ოჯახის წევრებმა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების სამხედროებმა ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2002 წლიდან სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა. 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად „კომანდოს“ ბატალიონი კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. მათ შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ორი დღით ადრე დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბრძოლის ველზე დარჩა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს, 38 წლის გახდებოდა. Europetime-თან ერთ-ერთ ინტერვიუში გმირზე, მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე და შვილები ლევან და ანა ანწუხელიძეები გვესაუბრებიან... ლევანი სულ რაღაც ათი თვის იყო მამის გარდაცვალებისას, ხოლო ანას დაბადებას მამა ვეღარ მოესწრო... საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს, ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა. 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.