თეგი: ეროვნული უსაფრთხოება
ჰონგ-კონგი აანონსებს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს „გარე ძალების“ წინააღმდეგ
ჰონგ კონგის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ლი აცხადებს, რომ ნახევრად ავტონომიური ქალაქი, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საკუთარ კანონს 2024 წელს შექმნის. მისი თქმით, „ზოგიერთი ქვეყანა ძირს უთხრის ჩინეთს და ჰონკონგში „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ დანერგვას საკუთარი სარგებლობისთვის.“ France24 წერს, რომ ლი გულისხმობდა ბრიტანეთისა და ჩინეთის მიერ შეთანხმებულ მმართველობის მოდელს, რომლის მიხედვითაც, ქალაქი შეინარჩუნებს გარკვეულ ავტონომიას და თავისუფლებებს. „გარე ძალები აგრძელებენ ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევას,” - აღნიშნა ჰონგ-კონგის ლიდერმა. პოლიტიკურ მიმართვაში, პეკინის მიერ დანიშნულმა ლიდერმა ისაუბრა ჰონგ-კონგის ეკონომიკის აღდგენის გზებსა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ბრძოლის მეთოდებზე. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჰონგ-კონგში მეტი თავისუფლებისა და ავტონომიის მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რის შემდეგაც ჩინეთმა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა. ლიმ, რომელიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მისი როლის გამო, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ეროვნული უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.
აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით "სერიოზულ საფრთხეზე ეროვნული უშიშროებისთვის"
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა 14 თებერვალს განაცხადა "სერიოზულ საფრთხეზე ეროვნული უშიშროებისთვის" . CNN-ის წყაროს ცნობით, ეს საფრთხე უკავშირდება რუსეთს. რესპუბლიკელი კანონმდებელი, მაიკ ტერნერი ითხოვს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გრიფი "საიდუმლო" მოხსნას ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, საიმისოდ, რომ "კონგრესმა, ადმინისტრაციამ და ჩვენმა მოკავშირეებმა ღიად შეძლონ ამ საფრთხეზე პასუხისთვის საჭირო ნაბიჯების განხილვა." ტერნერს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტერნერის განცხადება ეხებოდა მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა რუსეთს და ოპერაციებს კოსმოსში. შეგახსენებთ, კონგრესში მიმდინარეობს ინტენსიური დებატები იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს აშშ გლობალურ გამოწვევებს რუსეთისგან და სხვა მეტოქეებისგან. კონგრესმენთა ნაწილი თვლის, რომ საჭიროა მეტი გლობალური ჩართულობა, თუმცა ზოგიერთი კანონმდებელი, მეტწილად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მოკავშირეები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ კონგრესის კომიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეროვნულ უსაფრთხოებაზე, დღეს არის დაგეგმილი. ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ტერნერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.