თეგი: ეუთოს რეზოლუცია
მიხეილ სააკაშვილი PACE-ს რეზოლუციას გამოეხმაურა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. „ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“,- წერს სააკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, 13 ოქტომბერს დაამტკიცა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.